პოლიტიკა
“ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები ცალსახად არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დისკრიმინაციული ნიშნით” - პროფესრები, ლექტორები და მკვლევარები განცხადებას ავრცელებენ
2020-07-01 23:16:40
ბაჩანა შენგელიას მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას სპეციალური წერილით საზოგადოების წარმომადგენლები ეხმაურებიან .
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"წერილის ხელმომწერები, ვეხმაურებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიმართ დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება.
ბაჩანა შენგელიას ამა წლის 19 ივნისს შეუწყდა სანოტარო ელექტრონულ რეესტრზე წვდომა. 22 ივნისს ბაჩანა შენგელიას მიმართვის პასუხად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მას აცნობა, რომ 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირების საფუძველზე მის მიმართ დაწყებული იყო დისციპლინური სამართალწარმოება. 2020 წლის 24 ივნისს იუსტიციის მინისტრის მორიგი ბრძანების საფუძველზე, ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიმართ დაიწყო ახალი დისციპლინური სამართალწარმოება სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოხატული პოლიტიკური შეხედულების გამო, რის შესახებაც მას წერილობით 29 ივნისს ეცნობა და საპასუხო წერილობითი პოზიციის წარსადგენად ვადა 30 ივნისამდე განესაზღვრა.
საგულისხმოა, რომ ბაჩანა შენგელიას მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაწყებული არის „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის №69 ბრძანების მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევას გუსლისხმობს. ნოტარიუსის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი ვერ გამორიცხავს მის მიერ კონკრეტული პოლიტიკური ფასეულობების მიმართ მხარდაჭერას. ამ შემზღუდავი პრინციპის მიზანია, რომ პოლიტიკური მოტივაცია და შეხედულებები არ აისახოს მის საქმიანობაზე.
2020 წლის 22 მაისს განხორცილებული ცვლილების თანახმად, ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა მძიმე დისციპლინური გადაცდომა გახდა. მანამდე ის მსუბუქ დისციპლინარულ გადაცდომად ითვლებოდა. ბაჩანა შენგელიას მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოების დაწყების შესახებ იუსტიციის მინისტრის 24 ივნისს ბრძანებაში მითითებულია, რომ მისი სოციალური გვერდის შემოწმება მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში, პრაქტიკულად ცვლილების განხორციელების მომენტიდან. აღნიშნული ცალსახად მიუთითებს, რომ 22 მაისს განხორციელებული ცვლილების ადრესატი ბაჩანა შენგელიაა, ხოლო დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მოტივი შურისძიების მიზნით მისი დასჯა იყო.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელია არის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას, შვილი. ია კერზაიას ოჯახმა ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მასზე ზეწოლაში დაანაშაულა, რის შედეგადაც მას ინსულტი განუვითარდა და გარდაიცვალა. ბაჩანა შენგელია დღემდე ითხოვს დამნაშავეების გამოვლენას და დასჯას, ის აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად და კრიტიკულად გამოირჩევა ხელისუფლების მიმართ.
ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები ცალსახად არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დისკრიმინაციული ნიშნით, შეიცავს შურისძიების ელემენტებს და ცენზურის დაწესების ტენდენციას" - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები არიან:
გიორგი ჩიტიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი
გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ზურაბ ჯიბღაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
ზაზა მეიშვილი-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
კონსტანტინე ჩოკორაია-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მარი მესხი-პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
კონსტანტინე-კუბლაშვილი პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დიმიტრი გეგენავა- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი
დავით ჯანდიერი - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი
თენგიზ თევზაძე - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენ-პროფესორი
გიორგი მუმლაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი
ალიკა კუპრავა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი
კახი ყურაშვილი - ააიპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი
დავით ზედელაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
სოფიო ასათიანი - ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
გიორგი გორაძე - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის ფაკულტეტის დეკანი
ბესიკ ლოლაძე-სამართლის დოქტორი, პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე
გიორგი ნონიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი
დიმიტრი ძაგნიძე-იურისტი/ადვოკატი
დიტო საძაგლიშვილი-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მოწვეული პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასისტენტი
გიორგი ნონიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი
კომენტარები