პოლიტიკა
სირცხვილია შსს-ს და მერიას მოუწოდებს, 20 ივნისს რუსთაველის გადაკეტვა 17:00 საათიდან უზრუნველყოს
2020-06-17 16:12:33
მოძრაობა "სირცხვილია" შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიას მიმართავს, 20 ივნისის 17:00 საათიდან რუსთაველის გამზირის გადაკეტვა უზრუნველყონ, რათა 19:00-ზე დაგეგმილი აქციისთვის მომზადება შეძლონ.
"20 ივნისს, 19:00 საათზე მოძრაობა #სირცხვილია ვმართავთ გავრილოვის ღამიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციას - 1 წელი 20 ივნისიდან.
აქციის ჩატარებას ვგეგმავთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, დისტანცირებით.
იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირი წინასწარ მოვამზადოთ შეკრებისთვის, უზრუნველვყოთ უსაფრთხოების ნორმები და გავაკეთოთ დისტანცირებისთვის საჭირო ნიშნულები, ტერიტორია მოვაწყოთ აუცილებელი ინვენტარით და გავმართოთ ხმის სისტემა, საჭიროა სამანქანო მოძრაობა შეიზღუდოს 17:00 საათიდან.
გზის გადაკეტვის წინასწარი საჭიროების გამო, ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისის მერიას განცხადებით, გაითვალისწინონ საზოგადოების ინტერესი და ხელი შეუწყონ მოქალაქეების უფლებების - შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად.
მოძრაობა სირცხვილია მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს (თბილისის მერია, შსს) უზრუნველყონ სამანქანო მოძრაობის შეზღუდვა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, 17:00 საათიდან, რაც საშუალებას მოგვცემს, დაგეგმილი აქცია ჩავატაროთ ჯანმოს ყველა რეკომენდაციის დაცვით. ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვთ, გაუწიოს მეთვალყურეობა აღნიშნულ პროცესს და მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე", - წერს მოძრაობა.
კომენტარები