პოლიტიკა
ქორწილის, იუბილეს და ქელეხის გამართვის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან
2020-06-08 17:15:50
ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ, ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული რეგულაციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„მთავრობის რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გამართვა. იცით, რომ 10 პირამდე შეკრებაა ნებადართული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ ასეთი მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია და თუკი ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაჯდება მძიმე დარღვევაში და ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2000 ლარიანი სანქციით და იურიდიული პირები 10 000 ლარიანი ჯარიმით. თუმცა, მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება მაღალი პასუხისმგებლობის, როგორც ეს აქამდე იყო და ასეთი ტიპის დარღვევები არ გვექნება. ასეთი მძიმე დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
კომენტარები