პოლიტიკა
გიორგი გახარია პრემიერის პოსტს 15 ივნისამდე დატოვებს
2020-06-01 17:06:55
15 ივნისამდე ქვეყანას სავარაუდოდ, ახალი მთავრობის მეთაური ეყოლება.
როგორც “2020NEWS”-ს ინფორმირებული წყარო უყვება, დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები მიმდინარე თვის დასაწყისში განხორციელდება და პრემიერ გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის.
“2020NEWS” ინფორმაციითვე, მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე კონსულტაციები უკვე დასრულებულია და სწორედ ლილუაშვილია ის საპრემიერო კანდიდატი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნების“ პოლიტიკურ მარათონს გახსნის.
წინ 20-21 ივნისის სისხლიანი ღამის წლისთავია. „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით, თუ გახარია ისევ კორონავირუსის პამდემიამ არ გადაარჩინა, საკუთარი მოქალაქეების დარბევისა და თვალების დათხრის წლისთავს სწორედ გახარიას გარეშე დარჩება, რომელმაც ეს სისხლიანი მოვლენები „ჯიგრულად“ აიღო თავის თავზე.
ინფორმირებული წყარო ასევე გვიყვება, რომ სამთავრობო ცვლილებები შეეხება მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც, გარდა ძალოვანი უწყებების პირველი პირებისა.
საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 5 თვით ადრე, „ქართული ოცნების“ ლიდერი ოლიგარქი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და ახალ საპარლამენტო გუნდზე კონსულტაციებს გადის. კონსულტაციების დასრულებამდე დღეებიღა დარჩა.
“2020NEWS”-ის ინფორმაციით, კანდიდატების სიაში არიან გრიგოლ ლილუაშვილი, ნათია თურნავა და მაია ცქიტიშვილი.
კომენტარები