1 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე - რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში, ლუგარის ლაბორატორია ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი

რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში, ლუგარის ლაბორატორია ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი პირველი პარტნიორი ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებილ განცხადებაზე

მისი თქმით, პირადად არა ერთი რუსი მაღალჩინოსანი მოუწვევია საქართველოში, მათ შორის, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებიდან.

„რუსები ბევრჯერ არიან მოწვეულნი, ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრჯერ. პირადად მისაუბრია მათ ყოფილ ჯანდაცვის მინისტრთან, ქალბატონთან, მის მოადგილესთან,  ყოფილ მთავარ სანიტარულ ექიმთან, ონიშენკოსთან, რომელიც ბრალს გვდებს ხოლმე და რომელსაც კარგად ვიცნობ. მომიწვევია ისინი პირადად და მითქვამს, ჩამობრძანდით და ნახეთ. ოფიციალურად არიან მოწვეულნი ჟენევაში არსებულ სპეციალურ სამდივნოში, რომელიც სწავლობს ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს და რომელმაც 2018 წლის ნოემბერში ჩაატარა სპეციალური შესწავლა. იყო დელეგაცია მათი ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიოდა 18 ქვეყნის 21 წარმომადგენელი, მათ მოიწვიეს რუსეთიც, რომელმაც უარი თქვა – არ მივიღებთ მონაწილეობას ამ შეფასებაშიო. ნამყოფი არიან ბევრჯერ რუსი ჟურნალისტები და გადაღებული აქვთ ყველაფერი. ნამყოფია მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიოლოგიური სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი.  სხვა პასუხი ჩვენ არ გვაქვს. ეს აქვთ პოლიტიკურ თემად არჩეული და როცა უნდათ, მაშინ გადმოაგდებენ ხოლმე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო უწყების განცხადების იმ ნაწილს, რომ 2018 წელს ლაბორატორიის საფუძვლიანად შესწავლის საშუალება არ იყო, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შესწავლის შედეგები გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე.

„საფუძვლიანად შესწავლილია იქ ყველაფერი, ეს გამჭირვალეა. ეს რაპორტი დევს თვითონ ჟენევის ბიოლოგიური უსაფრთხოების სამდივნოს ვებზე, დევს ჩვენს ვებზე, ყველა ენაზე. გამჭირვალეა ეს ყველაფერი. გარდა ამისა, შარშან ორი დიდი შეფასება გაკეთდა საქართველოს ე.წ მზადყოფნისა. ერთი გააკეთა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და მეორე გააკეთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, სადაც ლუგარის გარდა ქვეყნის მთელი ლაბორატორიული სისტემები იქნა შესწავლილი და ასევე შესწავლილი იყო ჩვენი რეაგირების მექანიზმები, თუ რამდენად მზად ვართ ჩვენ. რუსებს არ სჯერათ და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების განცხადების იმ ნაწილზეც, რომ „ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა ეწინააღმდეგება ბიოლოგიური და ტოქსიკური აკრძალვის კონვენციას“.

„ენას ძვალი არ აქვსო, ნათქვამია, რასაც უნდათ, იმას ლაპარაკობენ. საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს. ისინი იმასაც ლაპარაკობდნენ, რომ ერთ-ერთი ქართველი, რომელიც იქ ცხოვრობს და საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსანია, არ მინდა, სახელი და გვარი დავასახელო. ის ამბობდა, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს აკეთენებო, მაგრამ ხომ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში?! ვერ ნახეს ვერაფერი მსგავსი. ცე ჰეპატიტზე როცა იყო ლაპარაკი, ეს ყველაფერი არის მტკნარი ტყუილი. ყველაფერ ამას აქვს პოლიტიკური სარჩული. მათ იმდენად საქართველო კი არ აქვთ მთავარ სამიზნედ, არამედ რატომ აშენდა ამერიკის დახმარებით საქართველოში ლუგარის ლაბორატორია და მთელი ეს ლაბორატორიული კომპლექსი, რაც ქვეყანაშია. იცით, 22 ლაბორატორიაა სხვადასხვა დონის, მათ შორის, ყველაზე მაღალი დონის გახლავთ ლუგარი. რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, ანუ რატომ ვიყურებით ჩვენ ევროპისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ და რატომ არ ვიყურებით ჩრდილოეთისკენ ისევ – ეს არის ამის მთავარი მიზანი. როცა მათ უნდათ, ლუგარი ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე პირველი პარტნიორი, ყველა მიმართულებით და მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის მიმართულებით.  მათ ჩადეს უზარმაზარი ინვესტიცია და ქვეყანას აჩუქეს ასეთი დიდი სიმდიდრე. ლუგარი სერიოზულად გამოგვადგა ცე ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში, კოვიდინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში და კიდევ ბევრ საკითხში გამოგვადგება, რადგან ეს არის მაღალი დონის სამედიცინო კვლევის ლაბორატორია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, ლუგარის ლაბორატორიის თემა რუსეთს პოლიტიკურ კონტექსტში გადააქვს.

„რატომ არ ვაგზავნით სინჯებს გამოსაკვლევად ისევ სანკ-პეტერბურგში, რატომ არ ვაგზავნით მოსკოვში, რატომ არ ვაგზავნით სხვაგან. რადგან ეს ყველაფერი კეთდება ლუგარში და არ გვჭირდება დასადასტურებლად იქ გაგზავნა. ზუსტად ამაზეც ნერვიულობენ, განიცდიან ამ საკითხს და გადაჰყავთ შემდეგ პოლიტიკურ კონტექსტში. აღარ ღირს ამაზე კომენტარის გაკეთება, მეცინება კიდეც უკვე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა რამდენჯერმე პირადად მოიწვია საქართველოში.

„ზახაროვა ჩამოვიდეს და ვაჩვენებ, რაც არის ყველაფერს. სპიკერი ხომ არის მაგათი საგარეო საქმეთა სამინისტროსი. ქალბატონი ზახაროვა ერთხელ პირდაპირი ეთერით მოვიწვიე და ვუთხარი, რომ ჩამობრძანდით და გაჩვენებთ ყველაფერს. რას ელოდებიან? რამდენჯერმე წერილობით არიან მოწვეულნი და პირდაპირ ეთერით მყავს მოწვეული ასევე რამდენიმეჯერმე. პირადადაც შეხვედრილი ვარ საერთაშორისო თავყრილობებზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანსამბლეაზე. მაგათ წინა მინისტრს ვიცნობდი ძალიან კარგად და ნათქვამი მაქვს მისთვის, მისი მოადგილისთვის, საგარეო განყოფილების დეპარტამენტის უფროსისთვის. პირდაპირი ეთერით მოწვეული მყავს ბატონი ონიშენკო, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ის იყო რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი. ახლა დუმის წევრია და იქიდან გვმოძღვრავს. პირადად მითქვამს მისთვის, ჩამოდი და გაჩვენებ ყველაფერს, თუმცა იმას ავალებენ და ეუბნებიან, რა უნდა თქვას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები