მსოფლიო
როგორ შეიცვალა მამუკა ბახტაძის ქონებრივი მდგომარეობა
2020-05-26 23:34:43
ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 18 922 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ბახტაძემ თანამდებობა გასული წლის სექტემბერში დატოვა. შესაბამისი განცხადება ბახტაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა ქონებას ფლობს ბახტაძე პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ.
-0:05 2020 წლის 31 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბახტაძე ფლობს 355,05 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და 670 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთაში.
დეკლარაციის შევსების მომენტში, ბახტაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჰქონდა - 104,64 ლარი, 2805,96 დოლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 11 500 ლარი ჰქონდა.
წინა დეკლარაციის თანახმად კი, რომელიც 2019 წლის 31 მარტს იყო შევსებული, 2018 წელს მამუკა ბახტაძის ანაზღაურებამ ჯამში, 62 333.34 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წლის 21 ივნისამდე პერიოდში ფინანსთა მინისტრობისას მისმა შემოსავალმა ამ პოსტზე 35 416,67 ლარი, ხოლო 21 ივნისიდან 31 დეკემბრის პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი 26 916,67 ლარი შეადგინა.
მის მიერ 2019 შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბახტაძე მცხეთაში მდებარე 355,05 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 670 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელიც 2016 წელს აქვს ჩუქებით მიღებული.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, 2019 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ბახტაძეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 28 331.1 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 4 500 ლარი ჰქონდა. მასვე, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 10 000 ლარის საკრედიტო ხაზი ჰქონდა გახსნილი, თუმცა გასავალი არ უფიქსირდებოდა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"
კომენტარები