2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაატა იმნაძე - ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ ზაფხულს კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით არ შევხვდეთ

ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ,-ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მან „ფეისბუქით“ პირდაპირი ჩართვისას მაგალითად სომხეთი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შეზღუდვების გაუქმების მიუხედავად, ბოლო 3 დღეში კორონავირუსის იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული.

„მესმის, რომ ძალიან შეწუხდა ჩვენი მოსახლეობა ამ შეზღუდვებისგან, მაგრამ გვერდით გვყავს მეზობელი ქვეყანა სომხეთი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა ერთდროულად გააუქმა, გაუქმდა აკრძალვები, აღდგა ტრანსპორტი, დახურული და ღია რესტორნებიც გაიხსნა, ანუ ყველაფერი გაიხსნა. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, ბოლო 3 დღეში იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული. ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. მოგეხსენებათ, ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ“,-განაცხადა იმნაძემ.

მან აღნიშნა, რომ სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილებაზე შეზღუდვა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მოიხსნება.

„რა თქმა უნდა, ესეც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ამ ზაფხულს არ შევხვდეთ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით“,-განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები