პოლიტიკა
,,ან უნდა დარჩეს საგანგებო მდგომარეობა ან გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში, რომ მთავრობას მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება ჰქონდეს"
2020-05-19 12:30:20
„საზოგადოებარივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები, ეს აქამდე არავის გაუპროტესტებია, არ დასჭირვებიათ ალბათ და იმიტომ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მთავრობას შეზღუდვების დაწესების საშუალებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე აძლევს.
მდინარაძის განმარტებით, რამდენიმე არჩევანია: ან უნდა დარჩეს საგანგებო მდგომარეობა, ან კანონში უნდა შევიდეს დაზუსტებები, ან უბრალოდ „პროცესი უნდა მიუშვან“.
„ახლა ჩვენ ვდგავართ რამდენიმე არჩევანის წინაშე: ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი რაც საჭიროა, რომ რისკები არ გაიზარდოს, ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში, რომ მთავრობას ამ მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება ჰქონდეს, რომ ბოლომდე დაწიონ რისკები, ან უკაცრავად ჟარგონისთვის, უნდა მივუშვათ ეს პროცესი და თუ გვეყოლება რამდენიმე ათეული, ასეული ინიფიცირებული და ხელახლა მოხდება აფეთქება, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა. მე მგონია და ეს გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რომ შეზღუდვების შესახებ გარკვეული დაზუსტებები შევიდეს კანონში, რათა მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს,“- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.
კომენტარები