პოლიტიკა
ჩემს გარეშეც ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამიტომაც არ ვიცოდი რომ 2 დოკუმენტი დამხვდებოდა - ირმა ინაშვილი შეთანხმების დოკუმენტზე
2020-05-13 01:39:12
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებზე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრების დროს დისკუსია იყო დაპატიმრებული პოლიტიკოსების შესახებ, თუმცა მმართველი გუნდის მხრიდან ამაზე თანხმობა არ ყოფილა:
"ჩემი თანდასწრებით არც არჩილ თალაკვაძე და იგივე ირაკლი კობახიძე, რომელთანაც მე მაქვს ძალიან მძიმე დამოკიდებულება, ცილს არ დავწამებ და ვიტყვი, რომ არც ის არ დათანხმებულა ამ საკითხზე, მაგრამ დისკუსიაში იყვნენ ჩართული.
8 მარტს როდესაც ჩვენ მივედით კულმინაციამდე და შეთანხმება უნდა შემდგარიყო. მე ვნახე, რომ ერთი ეს იყო ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას გულისხმობდა, ამას ვეთანხმებოდი და ხელსაც მოვაწერდი, მაგრამ უცბად მაგიდაზე მოულოდნელად გაჩნდა მეორე დოკუმენტი, ბოკერია, როდესაც ამ დოკუმენტზე იყო საუბარი ღიად ამბობდა, რომ ამაში გულისხმობს უგულავას და სხვათა გათავისუფლებას. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამაში რაღაც სამართლებრივ ასპექტებს გულისხმობდნენ. ჩემთვის ეს იყო და დღესაც არის აბსოლუტურად გაუგებარი. რა კავშირში იყო არჩევნების პროპორციაზე საუბარი და უგულავას გათავისუფლება. მე სწორედ იმიტომ არ მოვაწერე ხელი, რომ ვხვდებოდი რაც მოხდებოდა, ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამდა და ორივემ მოაწერა მაინც, მაშინ რატომ მოაწერა "ქართულმა ოცნებამ"?. ვამბობდი, რომ ადგილი აქვს გარიგებას, ბოკერიას პარტია და ელჩები, "ქართული ოცნება" და ელჩები, ჩემს გარეშეც ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამიტომაც არ ვიცოდი რომ 2 დოკუმენტი დამხვდებოდა,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს თუ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების სურვილი რეალურად აქვს, ამ ცვლილებების მიღება პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსთან" და დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად შეუძლია, თუმცა ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ "ევროპულ საქართველოსა" და "ქართულ ოცნებას" ამ საარჩევნო ცვლილებების ჩაგდება აწყობთ
""ქართულ ოცნებას" თავისუფლად შეუძლია ჩვენთან პატრიოტებთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად გავიტანოთ ეს ცვლილებები. მე მხარს ვუჭერ ცვლილებებს და არავის დღის წესრიგს არ ვერმორჩილები. მე მგონია, რომ ამ ცვლილებების ჩავარდნა თანაბრად უნდა "ქართულ ოცნებას" და ბოკერიას პარტიას. ბოკერიას პარტიას ნახევარპროცენტიანი რეიტინგი აქვს და ბარიერამდეც ვერ მიდის, "ქართული ოცნებაც" ვერ ბრწყინავს," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
კომენტარები