მსოფლიო
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
2020-05-10 22:30:42
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ 5 მაცხოვრებელს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 22-მდე გაიზარდა - ამის შესახებ დე ფაქტო რეჟიმის სანიტარულ სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს.
დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ყველა დაავადებული ინფექციურ განყოფილებაში იზოლაციაში იმყოფება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
დაავადებულთაგან 14 რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტები არიან, ერთი სამხედრო მოსამსახურეა, დანარჩენი 7 კი სამოქალაქო პირი. ამჟამად კარანტინშია გადაყვანილი 500-მდე ადამიანი.
მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო ოკუპირებულ რეგიონში 12-დან 28 მაისამდე პერიოდი არასამუშაოდ გამოცხადდა. დე ფაქტო რეჟიმმა 31 მაისამდე გაახანგრძლივა შეზღუდვებიც.
დახურული რჩება ბავშვთა გასართობი ცენტრები, ატრაქციონები, კაფეები, რესტორნები, აუზები, სპორტდარბაზები და კომპიუტერული კლუბები. 31 მაისამდე სკოლებში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, 10 მაისიდან 31 მაისამდე ე.წ. საზღვარი რუსეთთან სრულად ჩაკეტა.
კომენტარები