პოლიტიკა
“ეს არის ჩვენი ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი სიმბოლური სილის გაწვნა“–გია ნოდია სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნაზე
2020-05-08 16:57:26
ექსპერტი გია ნოდია აფასებს, რას ნიშნავს საქართველოსთვის სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ:
“უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი სიმბოლური სილის გაწვნა. ეს აჩვენებს, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ (ეს მარტო პირადად სააკაშვილს არ ეხება) სერიოზულად არავინ აღიქვამს: არა მხოლოდ უკრაინის მთავრობა, არამედ მთლიანად დემოკრატიული სამყარო. ეს, ცხადია, ისედაც ვიცოდით, მაგრამ ეს კონკრეტული ჟესტი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია.
მისი მძაფრი რეაქცია ფსიქოლოგიურად გასაგებია, მაგრამ უაღრესად სულელურია.
იმის თქმა, რომ ამის გამო საქართველოს და უკრაინის ურთიერთობა სერიოზულად დაზარალდება, გადაჭარბებაა: ჩვენი ხელისუფლება ისედაც სისტემურად არიდებდა თავს უკრაინასთან ახლო თანამშრომლობას. ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ამ ეტაპზე გასაფუჭებელი ბევრი არაფერია.
უკრაინის პოზიციიდან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის სილის გაწვნა რუსეთისთვის, პირადად პუტინისთვის. მაგრამ უკრაინა ამაზე წავიდა, მოუხედავად იმისა, რომ ზელენსკის თითქოს უფრო ფრთხილი პოლიტიკა ჰქონდა რუსეთის მიმართ. ეს აღსანიშნავია.
საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის ამ დანიშვნას დიდი მნიშნელობა არა აქვს. ცხადია, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებისთვის ეს ფსიქოლოგიურად სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ამის მიღმა ის ბევრს არაფერს იძლევა.
ერთადერთი შედარებით მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ სააკაშვილი საჯაროდ ნაკლებ აღმოჩნდება ჩართული ქართულ პოლიტიკაში. არ ვიცი, რა პირობით დანიშნა მიშა ზელენსკიმ იქ, სადაც დანიშნა, მაგრამ ლოგიკურია, ერთ-ერთი წინაპირობა ყოფილიყო, რომ ის ღიად აღარ ჩართულიყო ქართულ პოლიტიკაში. არაფორმალური კონტაქტები, სავარაუდოდ, დარჩება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტად დასჭირდება, სააკაშვილისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს (თუმცა მიშა სიმბოლურ „დროშად“ დარჩება).
ბოლოს, მიხეილ სააკაშვილს მის ახალ როლში წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ რეალურად რამდენად დიდია ამ წარმატების შანსები, ძალიან ძნელი განსასჯელია. ეს ზელენსკის პოზიციაზეა გაცილებით უფრო მეტად დამოკიდებული, ვიდრე თვითონ მასზე.“– ამბობს ნოდია.
კომენტარები