1 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო იქნება, საგანგებო მდგომარეობა მცირე ხნით გაგრძელდება და ეს იქნება მორიგი იძულებით სვლა

„თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისეთი იქნება, რომელიც მარტივად მოგვცემს საშუალებას აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა მოვხსნათ, მაშინ, ბუნებრივია, საგანგებო მდგომარეობის დატოვება არავის თვითმიზანი არ არის და ის დამთავრდება დაანონსებულ ვადაში. მაგრამ, თუ ჩვენ დაგვჭირდება, ისევ და ისევ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და სპეციალისტების რჩევებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობა მცირე ხნით გაგრძელდეს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ გზას მივმართავთ და ეს იქნება მორიგი იძულებით სვლა, მაგრამ მოლოდინი, რომ ამის აუცილებლობა იქნება, არ მაქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, სადაც შესაძლებელი იყო, ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვები ვადაზე ადრე მოხსნა.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია, რადგან მსოფლიოში ვერავინ აკეთებს პროგნოზს იმის შესახებ, თუნდაც ერთი კვირის შემდეგ რა მდგომარეობა იქნება. მოვლენები სწრაფად იცვლება, ყოველდღიურად ახალი გადაწყვეტილებების მიღება ხდება საჭიროა და იქ, სადაც საჭირო გახდა და შესაძლებელი, რომ დაჩქარებულიყო ჩვენ მიერ დაანონსებულ გეგმაში გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნა, ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ, გადავდგით ამ მიმართულებით ნაბიჯები და ასეც მოვიქცევით სხვა შემთხვევაშიც“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გაუგებარია რა კავშირში შეიძლება იყოს საგანგებო მდგომაროების გახანგრძლივება საარჩევნო გარემოსთან, რაზეც ოპონენტები საუბრობენ.

„ამაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი - თუკი ჩვენ მოგვწონს შედეგები და ამ დროს არ მოგვწონს შეზღუდვები, ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის, განსაკუთრებით, კომენდატის საათის ერთადერთი მიზანი იყო ეპიდემიოლოგიური მდგომაროების დასტაბილურება და რისკების მინიმუმამდე შემცირება.

„ნამდვილად არ მესმის იმ პოლიტიკოსების განცხადებების, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან რა სარგებლობა მოაქვს ამ შემთხვევაში კომენდატის საათს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ დღის განმავლობაში კომუნიკაცია შეიძლება ჰქონდეთ ადამიანების გარკვეულ რაოდენობას, ერთი იმდენს და შეიძლება უფრო მეტს შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეთ 9 საათის შემდეგ, ქართული ხასიათიდან გამომდინარე. ჩვენ ეს კონტაქტები რაც შეიძლება მეტად უნდა შევამციროთ და ამაზე მეტი არგუმენტი არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, კომენდატის საათი ისეთი შეზღუდვაა, რომელიც ეკონომიკას ყველაზე ნაკლებად აზიანებს იმიტომ, რომ ეკონომიკური აქტივობები 9 საათის შემდეგ შედარებით ნაკლებია და მეტია აქედან მიღებული პოზიტივი, რადგან ადამიანების კომუნიკაცია ნაკლებია და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკიც არის ნაკლები.

„ამის არ გაგება არ შეიძლება და წარმოუდგენელია. ამ შეზღუდვამ, სხვა შეზღუდვებთან ერთად, გამოიღო ის შედეგი, რითიც ჩვენი ქვეყნა ამაყობს და ამის დანახვა უნდა შეძლოს ყველამ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები