საზოგადოება
მძიმე პაციენტი მივიღეთ,რომლის მკურნალობის პროცესში ქირურგებიც ჩაერთვნენ - ლევან გოფოძე
2020-05-04 14:33:01
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დილით 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და მეორე ტესტირების შედეგად ვირუსზე უარყოფითი პასუხების მიღების შემთხვევაში, ხვალ კიდევ ხუთამდე პაციენტი გაეწერება.
„კოვიდინფექცია დადასტურებული აქვს 38 პაციენტს. ჩვენთან გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერაც დაიწყო. ამ დილით 3-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა. რეტესტირების რეჟიმში კიდევ რამდენიმე პაციენტია დღეს და თუ დადასტურდება გამოჯანმრთელება, ხუთამდე პაციენტს ხვალაც გავწერთ. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ვინც მკურნალობის ქვეშ რჩება, რამდენიმეს პნევმონია აქვს დადგენილი და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია იმ თვალსაზრისით, რომ არ საჭიროებენ მართვით სუნთქვას. შეიძლება ამაზე ხშირად ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ ეს ძალიან კარგია პროგნოზის თვალსაზრისით ყველა იმ პაციენტისთვის, ვინც ჩვენთან მკურნალობს. ჩვენთან ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა გუშინ ორი პაციენტი გადმოიყვანეს ჩვენთან დადასტურებული დიაგნოზით. მათ ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ. ასევე, მივიღეთ სხვა მძიმე პაციენტიც, რომელსაც აქვს რიგი პრობლემები, არა მხოლოდ პნევმონია, არამედ სუნთქვის უკმარისობა, გამოხატულია მექანიკური სიყვითლე. დავიწყეთ ამ პაციენტის კვლევა. დღეს უკვე ქირურგები ჩაერთვნენ მისი მკურნალობის პროცესში, გაკეთდება შესაბამისი გამოკვლევები და მერე სამკურნალო მანიპულაციები,“ - განაცხადა გოფოძემ.
კომენტარები