საზოგადოება
საქსტატი - წინა წელთან შედარებით ხილი 45%-ით, რძის ნაწარმი 23%-ით, ხორცპროდუქტები 15%-ით, პურპროდუქტები კი 8.4%-ით გაძვირდა
2020-05-04 13:46:25
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხილი 45%-ით, რძის ნაწარმი 23%-ით, ხორცპროდუქტები 15%-ით, პურპროდუქტები კი 8.4%-ით გაძვირდა.
„საქსტატმა“ აპრილის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (45.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15 პროცენტი), თევზეული (14.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10 პროცენტი) და პური და პურპროდუქტები (8.4 პროცენტი).
ამასთან, აპრილში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (8.4 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (4.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
კომენტარები