პოლიტიკა
საკოორდინაციო საბჭომ ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა
2020-04-29 14:24:21
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და იმსჯელეს ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროებმა საბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია საწარმოებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის პროცესის მონიტორინგის შესახებ. უწყებების ინფორმაციით, საწარმოების აქტიური ინსპექტირება გრძელდება. ათობით საწარმო, რომელმაც წესები დააკმაყოფილა, ფუნქციონირებას განაგრძობს. მუშაობის პროცესში ისინი პერიოდულად გადამოწმდებიან. იმ საწარმოებს კი, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, დამატებითი დრო მიეცათ.
სხდომაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ მიზნობრივ სოციალურ და ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებში, თითოეული დარგობრივი სამინისტრო მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს მართავს. ფინანსთა სამინისტროს შემდეგ, მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიაწვდის.
კომენტარები