პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა არც ერთი საჯარო თანამდებობა არ დაიკავოს, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არამეგობრული ნაბიჯი არ გადაიდგმევა
2020-04-28 23:51:17
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე დანიშვნა მათი მხრიდან განხილული იქნება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი.
„დღეს საუბარი იყო იმაზე, რომ აღარ განიხილება სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მან არცერთი საჯარო თანამდებობა არ დაიკავოს. ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, იქნება ეს ვიცე-პრემიერი თუ სხვა, ნებისმიერ ასეთ თანამდებობაზე დანიშვნა ჩვენი მხრიდან ბუნებრივია განხილული იქნება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არის მსჯავრდებული არაერთ მძიმე დანაშაულში. ეს ბუნებრივია იცის უკრაინის ხელისუფლებამ და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არამეგობრული ნაბიჯი არ გადაიდგმევა.
რაც შეეხება მეგობრობას ხალხსა და ქვეყნებს შორის, ამას ძალიან მყარი საუკუნოვანი ფესვები აქვს და ამას ვერავითარი გადაწყვეტილებით ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება, თუმცა ხელისუფლებებს შორის დამოკიდებულება უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და ის მეგობრულ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. ერთადერთი ჩვენი თხოვნა, რაც არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიმართ არის სწორედ ეს, რომ იყოს მეგობრობა და მეგობრობა იყოს ორმხრივი ხელისუფლებებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები