მსოფლიო
"თუ ქუჩაში დავდგებით და ჯანმრთელი მოსახლეობის ტესტირებას დავიწყებთ...ძალიან ბევრ 150 ლარს დავხარჯავთ" - თამარ გაბუნია
2020-04-27 22:46:37
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მასობრივ ტესტირებაზე ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია, რომ რაღაც წესებს დავემორჩილოთ ყველა და ვიცოდეთ, რა შემთხვევაში რა ტიპის ინტერვენცია არის შედეგიანი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ შემთხვევაში. 150 ლარი არის სერვისის ღირებულება, მაგრამ ამას ზემოდან ემატება კიდევ ტესტის საკმაოდ სოლიდური ღირებულება, რომელსაც სახელმწიფო დამატებით ცალკე უზრუნველყოფს და არც ერთი პირი, რომელსაც სჭირდება ტესტირება ეპიდემიის მიზნებისთვის, ტესტირების მიღმა არ რჩება. რაც შეეხება ტესტირების სურვილს, ხშირად გვაქვს შემთხვევები, როცა ტესტირება სრულად აზრს მოკლებულია იმიტომ, რომ ტესტის გამოყენებას მაშინ აქვს აზრი, როცა შექმნილია გარკვეული კლინიკური მდგომარეობა, რაც ქმნის იმ პირობას, რომ ეს ტესტი იქნება შედეგიანი, იმუშავებს.
ჩვენ თუ დავდგებით ქუჩაში და დავიწყებთ ჯანმრთელი მოსახლეობის ტესტირებას, ამ შემთხვევაში ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ რაღაც შედეგი ამ ტესტს ექნება, სამაგიეროდ ძალიან ბევრ 150 ლარს და კიდევ ზემოდან მეორე 150 ლარს დავხარჯავთ და არ მივიღებთ არც ერთ დადასტურებულ შემთხვევას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ გეგმაზომიერად მივყვეთ ამ პროცესს და არ გახდეს ეს პროცესი ქაოტური და ინტერესიდან გამომდინარე, არ მოხდეს უბრალოდ ტესტირება, რაც იქნება ძალიან დამაზიანებელი როგორც იმ ადამიანისთვის, ვინც ფული გადაიხადა და მიიღო რაღაც პასუხი და ასევე ექნება პროგრამულად დამაზიანებელი, რადგან ჩვენ ვერ გავერკვევით ეპიდემიურად ვის და როგორ ვიკვლევთ.
მე არავის არ ვურჩევ, ყველა ჩემი ნაცნობი, მეგობარი, ახლობელი რომელიც მეუბნება, აი, ხომ არ შეიძლება, ტესტი გავიკეთო, იმიტომ, რომ მაინტერესებს, ნეტავ, ხომ არ მაქვს კორონავირუსი. არ არის ეს გამართლებული და ვერავის ვერ ვურჩევ საკუთარი სურვილის და ინტერესის გამო ტესტის ჩატარების შესაძლებლობა ეძიოს”, - განაცხადა გაბუნიამ.
კომენტარები