საზოგადოება
როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები - სპეციალისტების განცხადება
2020-04-27 20:09:25
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ გეგმაზე, როგორ ჩატარდება წელს ეროვნული გამოცდები ისე, რომ ის აბიტურიენტების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს.
„ამ მხრივ ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან, გვაქვს მათთან ერთად მსჯელობა, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მეტად როგორ იქნებიან ის ადამიანები დაცულები, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად მივლენ. მართლაც, აბიტურიენტებს ამ პერიოდში, მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყანაში, მართლაც უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა, მზადება ეროვნული გამოცდებისთვის, უმრავლეს მათგანს უჩვეულო გარემოში მოუწევს სკოლის დამთავრება, ბოლო ზარის ზეიმის, თუ დღესასწაულის აღნიშნვა, შეიძლება ისე ფართოდ და ისე მასშტაბურად არა, როგორც სხვა წლებში და მე თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ გამოცდებზე და ვუსურვებ, მათ მიიღონ ის სასურველი შედეგი, რასაც ელიან და რასაც იმსახურებენ. ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4-საათიანი გამოცდა, რომელზეც აბიტურიენტებს მუშაობა უწევთ, მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები“, - განაცხადა ზახაშვილმა.
კომენტარები