მსოფლიო
კახა კალაძე: დარგის სპეციალისტები ამბობენ, როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერია დღეს თბილისში
2020-04-23 09:59:49
დედაქალაქის მერმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მის მიერ გამოთქმული ინიციატივა, რომელიც კვირის ან თვის გარკვეულ დღეებში კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა, კიდევ ერთხელ განმარტა.
„დღეს არის დედამიწის საერთაშორისო დღე. უკვე დროა, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომ ჩვენი პლანეტა და, შესაბამისად, გარემო, სადაც ვცხოვრობთ, იყოს ეკოლოგიურად უფრო სუფთა. ეს ყველაფერი, რაზეც მე დღეს ვისაუბრე, არის ინიციატივის დონეზე და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, იმსჯელოს, თუ როგორ გვინდა, საერთოდ, გვინდა თუ არ გვინდა, რა ფორმით უნდა განხორციელდეს, კვირაში თუ თვეში ორი დღით უნდა იყოს. ჩვენ ახალ ველოსიპედს ნამდვილად ვერ გამოვიგონებთ. შეგვიძლია, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ, მივაწოდოთ ეს ინფორმაციის სახით საზოგადოებას და საზოგადოებამ იმსჯელოს. ჩვენ შევადარეთ 2019 წლის მარტის თვის მონაცემები დღევანდელს, თუ რა მდგომარეობა იყო და დღეს რა სურათი გვაქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა 2019 წლის მარტსა და 2020 წლის მარტის მონაცემებს შორის. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერია დღეს თბილისში. ამას შენარჩუნება და გაფრთხილება სჭირდება. თუ ამას შევინარჩუნებთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ინიციატივაა და არა გადაწყვეტილება. ჩვენ საზოგადოებას მივეცით კონკრეტული თემა სამსჯელოდ. ბევრი მიესალმა იდეას, წამოვიდა მოსაზრებები, როგორ ჯობია, როგორ დავაწესოთ ქალაქიდან გასვლა-შემოსვლის საათები. ეს ყველაფერი დასახვეწია სამომავლოდ. თუმცა ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მას შემდეგ, რაც დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები