მსოფლიო
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მოქალაქეებს გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ
2020-04-22 15:11:30
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოების მიზნით, მოქალაქეებს გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ.
ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით რეგიონში და რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ ექნებათ საშუალება, დილის საათებში გადაადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. ეს შეზღუდვა გამოიყურება ასე: მათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე შეეძლებათ, გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის ნებართვებს მუნიციპალიტეტები და რეგიონული საკოორდინაციო საბჭოები უზრუნველყოფენ.
„აღნიშნული გადაწყვეტილება არის მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ, ამ გადაწყვეტილების უშუალო აღსრულება და ამ გადაწყვეტილების უშუალო ნებართვებით უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტზე და რეგიონალურ საკოორდინაციო საბჭოებზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე.
კომენტარები