პოლიტიკა
გიორგი გახარია - კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა შეზღუდვა, რათა მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ მათი თანმიმდევრული მოხსნა
2020-04-14 17:36:21
რაც უფრო თანმიმდევრული ვიქნებით და რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ ამ შეზღუდვებს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელებას, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართებაში მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეპიდემიოლოგიური რისკები და ეკონომიკის აღდგენის დაწყების ეტაპი პირდაპირ კავშირშია.
პრემიერმა განაცხადა, რომ ყველა დაწესებული შეზღუდვის კარგად და მკაცრად შესრულების შემთხვევაში, შეზღუდვების მოხსნა შესაძლოა, მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყოს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ „კოვიდ-19“ არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად გარკვეული რაოდენობის ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვის. მიუხედავად ამისა, დღეს უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით.
„ეს არის ის წინაპირობა, რომლის შემთხვევშიც შეგვიძლია, ავამუშაოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც და დავიწყოთ თანმიმდევრული მოხსნა ამ შეზღუდვების. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით ეს არის ობიექტური რეალობა“, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები