მსოფლიო
ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მოხდება
2020-04-09 14:46:46
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, იმ სოფლებში სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება. მისივე თქმით, ლენტეხსა და ცაგერში ე.წ. ბლოკპოსტები განთავსდება.
„სამწუხაროდ, გუშინ ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ შესულ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი. მომენტალურად დაავადებათა კონტროლის სამსახური ჩაერთო კონტაქტების დადგენაში. ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირველადი და შემდგომი კონტაქტების გამოსავლენად. ჩვენ სასწრაფოდ დავნიშნეთ შტაბის სხდომა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრევენციული ღონისძიებების შესახებ. იმ სოფლებში სადაც გავრცელების მაღალი რისკია დაიწყება თერმოსკრინინგი, ასევე გაკეთდება გადაადგილების პუნქტები. შესვლა არ გამკაცრდება, ბლოკპოსტებზე მოხდება თერმოსკრინინგი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, სავარაუდოდ 2 დღეში კორონავირუსით ინფიცრებულთან ყველა კონტაქტი დადგენილი იქნება.
„დაავადებულთან კავშირები მართალია დიდი არ იყო, თუმცა ფიქსირდება ლენტეხშიც და ცაგერშიც. ბლოკპოსტები განთავსდება ისე, რომ ორივე მუნიციპალიტეტი მოიცვას და გადაადგილების თერმოსკრინინგის საშუალებით მინიმუმამდე დავიყვანთ გავრცელების რისკსს. სავარაუდოდ 2 დღეში ყველა კონტაქტი დადგენილი იქნება და ყველა მათგანს ჩაუტარდება შესაბამისი ტესტირება. ყველა კონტაქტი პირად კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ჯანდაცვის სამინისტორს შესაბამის წარმომადგენლებს,“ - აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.
კომენტარები