მსოფლიო
თეა წულუკიანი: ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომას მისვლას არ ვაპირებ
2020-04-08 17:57:19
თქვენ გინდათ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში. ეს ვერ მოხდება. კანონი ყველასთვის ერთია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ჩართვისას განაცხადა.
მას კითხვით მიმართეს, ეკლესიებში მსახურებებზე მრევლის შეკრებებთან დაკავშირებით, მაშინ როცა კანონით სამ პირზე მეტის შეკრება დაუშვებელია. რატომ ვერ ხდება კანონის აღსრულება.
„არავის უთქვამს, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში კანონის წინაშე აქვს იმუნიტეტი. ბევრჯერ ითქვა, ამას პრემიერმაც გაუსვა ხაზი, მთავრობის წარმომადგენლებმაც, ვიცე-პრემიერმა, მეც ვისაუბრე. კერძოდ, წესი არის წესი, როდესაც ქვეყანაში არის ჰუმანიტარული კრიზისი, ეს მარტო ჩვენს ქვეყანაში არ არის, ყველამ კარგად დავინახეთ, როგორც იქნა, რომ უფრო მძიმე ხარისხის კრიზისებია სხვა ქვეყნებში, წესებსა და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც. აქ საუბარი იმაზე კი არაა, კანონი არის თუ არა ყველასთვის ერთი, საუბარია ალბათ იმაზე, ამ კანონს თუ დაარღვევენ, როგორი იქნება სანქცია. კანონს ვინც არღვევს, ის ჯარიმდება. უნდა ნახოთ, გუშინდელი ღამე იყო შედარებით კანონმორჩილი. სანქცია ყველას ეხება - სასულიერო პირია თუ საერო. პირდაპირ თქვით, საით მიგყავთ საუბარი? გინდათ დასვათ კითხვა, უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? როგორც გატყობთ, ტრენდი გაქვთ. თქვენ გინდათ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში, ეს ვერ მოხდება. კანონი ყველასთვის ერთია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა თავის პირად რელიგიურ განწყობებზეც ისუბრა.
"რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას აღდგომის დღესასწაულამდე და აღდგომის დღესასწაულზე, მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდი სურვილი და მოთხოვნილება, როგორც ერთ მართლმადიდებელს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის დიდი დღესასწაული, არამედ სხვა პირადი მოსაზრებებიდანაც გამომდინარე, ამის სურვილი და საჭიროება წელს განსაკუთრებით მქონდეს, რომ მივიდე ეკლესიაში - ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომას მისვლას არ ვაპირებ და შევეცდები, რომ თუ მედია საშუალებას მომცემთ, დისტანციურად ვადევნო თვალი და მივიღო მონაწილეობა ამ დიდ დღესასწაულში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომენტარები