მსოფლიო
"მაისის ბოლომდე, შესაძლოა, მსოფლიომ კარების გაღება დაიწყოს" - დამაიმედებელი პროგნოზები COVID-19-ზე
2020-04-06 17:24:14
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურულის პროგნოზით, აპრილის ბოლოდან, მაისის შუა რიცხვებში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბევრად ნაკლები იქნება.
ამის შესახებ ზურაბ გურულმა "TV პირველის" გადაცემაში "დღის ამბები დიანა ტრაპაიძესთან ერთად" ისაუბრა.
"შესაძლებელია, ლოგიკური სპეკულაცია გამოვიყენოთ, ვინაიდან ეს კორონავირუსები მიეკუთვნებიან ე.წ რესპირატორული ვირუსების ოჯახს და ეს რესპირატორული ვირუსები გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, რომელიც ჩვენ არ ვიცით, ზაფხულის ცხელ პერიოდში საერთოდ იკლებს, იმიტომ რომ შესაძლოა, თვითონ ვირუსიც სუსტდებოდეს და გარდა ამისა, ადამიანის ორგანიზმი, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე მეტად დასუსტებული და მოწყვლადია, ზაფხულის პერიოდში კი, დიდი რაოდენობით იღებს მზის სხივებს, ხილს, ბოსტნეულს, საკვების გაუმჯობესება, ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღება ხდება - ეს ყველაფერი იწვევს ადამიანის ორგანიზმის უკეთ გაძლიერებას, მომზადებას, თუმცა ვირუსი არსად ქრება.
ჩემი ოპტიმისტური განწყობა ემყარება იმას, რომ თუნდაც ნიუ-იორკში უკვე მიაღწია პიკს (კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ), იტალიაშიც მიაღწია პიკს, გაჩერდა და კლება დაიწყო. ახლა ჩემს შტატს - მისისიპის შტატს ვუყურებ, ასევე, ლუიზიანას, სადაც ნიუ ორლეანში, დაახლოებით, იგივე სიტუაციაა, რაც ნიუ-იორკში და იქაც ნელ-ნელა ბრტყელდება მრუდი, რომელიც დიდი სისწრაფით მიიწევდა მაღლა და მგონია, რომ აპრილის ბოლოდან, მაისის შუა რიცხვებში ეს უკვე კონტროლს დაექვემდებარება, ახალი შემთხვევები ბევრად უფრო ნაკლები იქნება და სადღაც, მაისის ბოლომდე, შესაძლებელი იქნება, მსოფლიომ ნელ-ნელა კარების გაღება და ურთიერთობების, მოგზაურობის აღდგენა დაიწყოს", - მიიჩნევს პროფესორი ზურაბ გურული
კომენტარები