მსოფლიო
გიორგი გახარია: 112-ზე დარეკვის შემდეგ პაციენტები კონსულტაციას მათივე საცხოვრებელი რეგიონის სპეციალისტებისგან მიიღებენ
2020-04-02 01:13:22
„ჩვენ შევქმენით პირველი ცხელი ხაზი ვირუსთან ბრძოლის. ეს იქნება სატელეფონო ხაზი, რომელიც მოემსახურება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ექნება შეგრძნება ცხელების, ან რამე სხვა რისკფაქტორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება პირველადი კონსულტაცია და ადამიანი ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან დარეკავს 112-ზე და მიიღებს პროფესიონალი ექიმების რჩევას.
„სწორედ ისინი ეტყვიან, მისი სიმპტომებიდან გამომდინარე, როგორ იმოქმედოს პაციენტმა - დარჩეს სახლში თუ მიმართოს სპეციალურ სტაციონარს, ან ოჯახის, ან სოფლის ექიმი მივა მასთან. ეს არის ვირუსთან ბრძოლის პირველი ხაზი, რომელიც უახლოეს დღეებში გაეშვება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ყველა რეგიონში იქნება სპეციალური ცხელების კლინიკა, რომელიც მიიღებს პირველ დარტყმას და აკუთარ თავზე აიღებს პაციენტების სტაციონარებში გადანაწილების ფუნქციას.
„ეს არის უკვე მეორე კრიტიკულად მნიშნელოვანი ხაზი ვირუსთან ბრძოლის და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის ფუნქციონირებდეს ყველა რეგიონში. დღეს ეს პროცესი დაწყებულია და უახლოეს დღეებში დამთავრდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ამოქმედებულია სპეციალური რეგიონულ-კლასტერული მართვის სქემა, უწყებათაშორისი საბჭოს შტაბი, რომელიც რეგიონული მართვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. პრემიერის განმარტებით, სწორედ ამ სქემით უნდა ებრძოლოს სახელმწიფო შიდა გავრცელებას და მნიშვნელოვანია ისიც, რომ 112-ზე დარეკვის შემდეგ პაციენტები კონსულტაციას მათივე საცხოვრებელი რეგიონის სპეციალისტებისგან მიიღებენ.
კომენტარები