მსოფლიო
სპეკულაციური ფასების გაზრდა თუ იქნება, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები და სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ - დავითაშვილი
2020-03-18 18:48:41
სპეკულაციური ფასების გაზრდა თუ იქნება, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები და სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ,- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი კვების ობიექტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს.
„რაც შეეხება უვნებლობის, სურსათის სტანდარტების დაცვას, ამ კუთხით ჩვენი სამინისტრო ძალიან მკაცრი იქნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, იცით, რომ გუშინ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ძირითადი მასობრივი თავშეყრის ადგილებში შეიზღუდა მოსახლეობის ყოფნა, მათ შორის ეს ეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს. საზოგადოებრივი კვების ობიექტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ. ჩვენ ამაზე გამოვეცით სპეციალური ბრძანება, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ამის აღსრულება და მუდმივი მონიტორინგი იქნება, რათა ეს 100 პროცენტით შესრულდეს. როდესაც ვსაუბრობთ კრიზისულ სიტუაციებზე, აქ საუბარი არ არის, რომ შესრულდეს მეტად და ნაკლებად, ეს უნდა შესრულდეს აბსოლუტურად, ანუ 100 პროცენტით. გამოირიცხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ისეთი ტიპის მომსახურება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ერთად თავმოყრას. მხოლოდ ე.წ. მიწოდების სერვისები იქნება დაშვებული. დავუშვათ იგივე საავტომობილო მაკ-დრაივი და დრაივის სერვისები, რომელიც აქვს მაკდონალდს ან სხვადასხვა სურსათის მიმწოდებელ კომპანიას, ეს იქნება შენარჩუნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად იმისთვის, რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოვახდინოთ “ ,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კომენტარები