მსოფლიო
თერმოკამერები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში - მგზავრების სკანირება უკონტაქტოდ ხდება
2020-03-10 16:44:49
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერები დამონტაჟდა.
„აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თერმოკამერების მეშვეობით აეროპორტებში ჩამომფრენი მგზავრების სკანირება უკონტაქტოდ ხდება. მათი ცნობით, ქუთაისის და თბილისის აეროპორტებში სკანერები უკვე დამონტაჟდა, ხოლო ბათუმში დამონტაჟება ამ წუთებში მიმდინარეობს.
„თერმოკამერების მაღალი სიზუსტე განპირობებულია იმით, რომ კამერა სკრინინგის პროცესში იყენებს თერმულ ეტალონებს. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა, ინფორმაცია კამერაზე დაერთებული კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდება ოპერატორს, რომელიც თავისმხრივ გადასცემს ინფორმაციას შესაბამის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის.
პრევენციული ღონისძიებები საქართველოს აეროპორტებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება“, - ნათქვამია „აეროპორტების გაერთიანების“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები