პოლიტიკა
თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა
2020-03-09 16:22:15
თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა. გარდა ამისა, მოსამართლემ გააუქმა უგულავას მიერ საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი დაცვის მხარის დასაბუთებას დაეთანხმა. ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა პროცესზე განმარტა, რომ “ფონდების საქმეზე” უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებისა და უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს.
ბრალდების მხარე დაცვის მხარეს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ უგულავას მხრიდან საფრთხე აღარ მომდინარეობს, რადგან ის საპატიმრო დაწესებულებაშია.
ცნობისთვის, თბილისის აეროპორტში 11 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გიგი უგულავასა და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს. “ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ორი უცნობი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უგულავას ამ საქმეზე გირაო ჰქონდა შეფარდებული და პასპორტი ჩამორთმეული.
კომენტარები