პოლიტიკა
კორონავირუსთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება
2020-03-09 13:44:30
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს: სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.
„იტალიაში საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ოთხი ცხელი ხაზი. ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ იტალიიდან საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთები. მათი რეგისტრაცია პრაქტიკულად დასრულებულია. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა უზრუნველყოფს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი ცხელ ხაზსა და საელჩოს მიერ მითითებულ ონლაინპლატფორმაზე დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც საქართველოში მათი ორგანიზებულად დაბრუნება განხორციელდება“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები