საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირთან კონტაქტში 25 პირი იმყოფებოდა და მათ დეტალურად გამოიკვლევენ
2020-03-05 12:49:59
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირთან კონტაქტში 25 პირი იმყოფებოდა.
როგორც ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მეოთხე დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება დასრულებულია და ისინი დეტალურად იქნებიან გამოკვლეული.
„რაც შეეხება ფრენებს, ჯანდაცვის სამინისტრო, ჯერჯერობით არ იძლევა რეკომენდაციებს ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი და ყველა ის შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა, ჩვენი აქტიური მუშაობით გამოვლინდა.
ამ მუშაობის გამო მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს საზღვარზე, ესენი არიან მესაზღვრეები თუ ჩვენი პერსონალი, რომლებიც ადგილზე გვყავს მივლენილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროსთვის, რასაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგად ართმევს თავს", - განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეხება კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პირს, ტიკარაძის განმარტებით, ეს პაციენტი რეკომენდაციით იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.
„შემდგომში მასთან კომუნიკაციის გამო გახდა მისი სტაციონარიზაცია და დამატებითი კვლევების ჩატარება. ეს ადამიანი არ იყო სამსახურში და შესაბამისად, მდგომარეობა ამით გაცილებით უკეთესია“, - განაცხადა ტიკარაძემ.
კომენტარები