მსოფლიო
ინფექციურ კლინიკაში მყოფთაგან რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
2020-03-02 12:35:54
ინფექციურმა კლინიკამ ლუგარის ლაბორატორიიდან რვა პაციენტის კვლევის შედეგები მიიღო, რომელთაგან ახალი კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოდან აცნობეს.
კლინიკის ინფორმაციით, ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში დღეს 09:00 საათის მდგომარეობით 19 პაციენტი იმყოფება, მათ შორის არის ის სამი პირი, რომელთაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ.
„09:00 საათისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია, რომელთა შორის სამს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა. დღეს დილით ლუგარის ცენტრიდან რვა პაციენტის პასუხი მოვიდა და ყველა უარყოფითია, ასევე მათ არც „ა“ და არც „ბე“ ტიპის ვირუსი არ აქვთ. შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ. რაც შეეხება დანარჩენ რვა პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი“, – აცხადებენ კლინიკაში.
ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, ყველა პაციენტი საქართველის მოქალაქეა და ისინი შემხებლობაში იყვნენ ირანთან და იტალიასთან.
კომენტარები