მსოფლიო
როდის და როგორ გამოვიყენოთ პირბადე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები
2020-02-26 14:59:32
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) სისტემატიურად ავრცელებს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ზომების შესსახებ ინფორმაციას ვირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დასაცავად. ჯანმოს მორიგი რეკომენდაციები პირბადის სწორად გამოყენებას ეხება.
სან ფრანცისკოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი:
როდის გამოიყენება? პირბადის გამოყენება ხელს უშლის მიკრობების გავრცელებას. როცა დავირუსებული ადამიანი ლაპარაკობს, ახველებს ან აცემინებს, ის ჰაერში აფრქვევს მცირე ზომის წვეთებს, რომლებმაც შესაძლოა სხვა დააინფიციროს. შესაბამისად, როცა ვირუსის მქონე ადამიანი ატარებს პირბადეს, ეს ამცირებს მის მიერ გამოყოფილი მიკრობებით სხვა ადამიანის დაინფიცირების რისკებს.
პირბადე ჯანმრთელი ადამიანის სახეზე იცავს ცხვირსა და პირს სხვა ადამიანის სხეულის სითხეების შხეფებისგან.
როდის უნდა გაიკეთოთ? პირბადის ტარება უმჯობესია მაშინ, როცა თქვენ ხართ ავად, გახველებთ ან გაცემინებთ (სიცხით ან უსიცხოდ) და იცით, რომ თქვენთან კონტაქტი მოუწევთ სხვა ადამიანებს. პირბადე დაიცავს მათ, რომ არ გადაედოთ თქვენი დაავადება.
როდის გამოვიყენოთ პირბადე
თუ თავად ჯანმრთელი ხართ, პირბადე უნდა ატაროთ მხოლოდ მაშინ, როცა უვლით ადამიანს, რომელზეც არის ეჭვი, რომ კორონავირუსული ინფექციით არის ინფიცირებული.
ატარეთ პირბადე, თუ ახველებთ ან აცემინებთ.
პირბადე ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა მისი ტარების პარალელურად ხშირად იწმენდთ ხელებს სპირტის ბაზაზე დამზადებული ანტიბაქტერიული სითხით ან იბანთ საპნითა და წყლით.
როგორ გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ პირბადე
სანამ პირბადეს გაიკეთებთ, ხელები გაიწმინდეთ სპირტის ბაზაზე დამზადებული ანტიბაქტერიული სითხით (სანიტაიზერით) ან დაიბანეთ საპნითა და წყლით.
გაიკეთეთ პირბადე ისე, რომ ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს. დარწმუნდით, რომ სახესა და პირბადეს შორის არ არის დატოვებული სივრცე. პირბადე მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული – ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.
მოერიდეთ პირბადეზე შეხებას, სანამ გიკეთიათ; თუ შეეხებით, გაიწმინდეთ ხელები სპირტის ბაზაზე დამზადებული ანტიბაქტერიული სითხით (სანიტაიზერით) ან დაიბანეთ საპნითა და წყლით.
შეცვალეთ პირბადე ახლით, როგორც კი ძველი დატენიანდება. არ გამოიყენოთ უკვე გამოყენებული პირბადე.
პირბადის მოხსნისას: არ შეეხოთ პირბადის წინა მხარეს; დაუყოვნებლივ მოათავსეთ იგი დახურულ ურნაში; გაიწმინდეთ ხელები სპირტიანი სანიტაიზერით ან დაიბანეთ საპნითა და წყლით.
გარდა ამისა, ჰონგ კონგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წერს, რომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სამედიცინო პირბადეების უმეტესობა სამშრიანია, გარე – სითხისგან დამცავი ფენა, შუა – მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელი ფენა და შიდა – ტენიანობის შემწოვი ფენა. ამ ფუნქციების გარეშე პირბადე არ არის რეკომენდებული, რადგან მას არ შეუძლია უზრუნველყოს სათანადო დაცვა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებებისგან.
როგორც წესი, პირბადის მხარეები სხვადასხვა ფერისაა – ნაკეცებით ქვემოთ მიმართული არის პირბადის გარე მხარე. პირბადეში ჩამაგრებული მეტალის მავთული უნდა იყოს ზევით – ცხვირთან.
"ბათუმელები"
კომენტარები