მსოფლიო
მამუკა მდინარაძე ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდებს
2020-02-12 12:31:05
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში და დეესკალაციისა თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს.
„ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავაც მზად არის, ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს პოლიტიკური დიალოგის პროცესში. ბუნებრივია, ვუერთდებით საელჩოს გულისტკივილს, რომ სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა, თუმცა აღვნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა აქვს დამოუკიდებელ სასამართლოს და არა პოლიტიკოსებს ან რომელიმე პოლიტიკოსს. ვფიქრობთ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში, დეესკალაციისა თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ. ასევე, გვსურს ცალსახად და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის თავშესაფარი და ინდულგენცია ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი გადასახადის გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირება იყოს უკიდურესად მკაცრი და შეურიგებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში მაღალი სტანდარტი, რომ საბიუჯეტო თანხების უკანონოდ განკარგვას თუ ნებისმიერ სხვა მსგავს დანაშაულზე იყოს ერთგვარი მიდგომა, ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია და მსგავს დანაშაულზე პირველ რიგში გუნდის წევრები აგებენ ხოლმე პასუხს.
„ჩვენს მიდგომებს რამდენიმე მაგალითიც ადასტურებს, რაზეც გუშინაც ვილაპარაკეთ: ბათუმის მერი, რომელიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, კორუფციის ბრალდებით ასევე დააკავეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე; ასევე გასამართლდა ზუგდიდის მერი და არაერთი სხვა თანამდებობის პირი, რომლებსაც შეფარდებული აქვთ თავისუფლების აღკვეთა 7, 12, 2 წლით და ასე შემდეგ. რაც შეეხება გიგი უგულავას საქმეს – უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების, 50 მლნ ლარამდე გაფლანგვაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით ზემოთ ჩამოთვლილი პირების მსგავსად თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკომპრომისო დამოკიდებულება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მიმართ. ოპონენტების კრიტიკა არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს გასაგებია, ხოლო თუ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას რომელიმე უფლება დაირღვა და მას უსამართლო განაჩენი გამოუტანეს, შეუძლიათ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოპონენტებს, შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება და დიალოგის პროცესს დაუბრუნდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები