მსოფლიო
,,საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის, თუ ადამიანს აქვს დანაშაული, კანონის ფარგლებში ყველას უწევს პასუხისგება"
2020-02-11 12:58:25
საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის. თუ ადამიანს აქვს დანაშაული, კანონის ფარგლებში ყველას უწევს პასუხისგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარისას აღნიშნა.
მისივე თქმით, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა.
„საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის. თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შესაბამისად, კანონის ფარგლებში უწევს ყველას პასუხისგება. ადამიანურად, რა თქმა უნდა, რატომ უნდა გამიხარდეს ვინმეს დაჭერა ან ციხეში შესვლა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა დანაშაულთან არის საქმე. ისიც არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთსა და იმავე საქმეზე. ეს არ არის სწორი და არ მინდა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. თქვენ იცით, რომ პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული საქმე, დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს გახდა ცნობილი. იმ კონკრეტული მუხლით, რომელიც ჰქონდა მიყენებული და რომელიც გაასაჩივრა პროკურატურამ, ზუსტად ის დააკმაყოფილა უზენაესმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, არასწორი განმარტება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ უგულავამ ბრალი აღიარა.
„ჩემი შეცდომა იყო, მე გავაკეთე არასწორი განმარტება ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძემ 3 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების დევნა არ მიმდინარეობს და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება. კალაძის თქმით, გიგი უგულავას სადავო არაფერი აქვს, რადგან მან დანაშაული აღიარა და 50 მილიონის მოპარვაზე აქვს ხელი მოწერილი.
ამ განცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ თბილისის მერი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და მის განცხადებას უტიფარი ტყუილი უწოდა.
კომენტარები