პოლიტიკა
"გვერდს ავუვლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონს, რუს დელეგატებს შემოვუშვებთ"
2020-01-29 11:38:40
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის PACE-ში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსმა სენატორმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა დაუსვა კითხვა. კალაშნიკოვის თქმით, „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა“, თუმცა, ზურაბიშვილმა, როგორც „სტუმართმოყვარე პრეზიდენტმა, არ დაგმო რუსული დელეგაციის ცემის ფაქტი“. კალაშნიკოვის თქმით, „საქართველო საფრთხის შემცველი გახდა – არა მარტო პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლებისთვის, ებრაელებისთვის, სხვა ეროვნული უმცირესობების და ქალებისთვის, არამედ პარლამენტარებისთვისაც“.
„საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების მასპინძლობაში. მინისტრთა კომიტეტის სესია თქვენს ქვეყანაში ჩატარდება და თქვენ აგრეთვე მიიღეთ მართლმადიდებლური მისიები. თუმცა თქვენ, როგორც სტუმართმოყვარე პრეზიდენტმა, არ დაგმეთ ჩვენი დელეგაციის ცემის ფაქტი. თქვენი ქვეყანა საფრთხის შემცველი გახდა – არა მარტო პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლებისთვის, ებრაელებისთვის, სხვა ეროვნული უმცირესობების და ქალებისთვის, არამედ პარლამენტარებისთვის. როგორია თქვენი პასუხი ამაზე?“, – იკითხა კალაშნიკოვმა.
ზურაბიშვილმა კალაშნიკოვის კითხვას „საინტერესო“ უწოდა და განაცხადა, რომ „საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მაისში მიიღებს”. პრეზიდენტის თქმით, საქართველო აპირებს, ეს გააკეთოს საკუთარი კანონმდებლობის გვერდის ავლით, “რომლის თანახმადაც, ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტეროტირიაზე ჩვენი ავტორიზაციის გარეშე იყვნენ, აღარ შეუძლიაათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. ასე, რუსეთის დელეგაციის ბევრი წევრი (საქართველოში) ვერ შემოვიდოდა.“
თუმცა, ზურაბიშვილის თქმით, „რადგანაც ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არ მოსწონს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ახლახან დეკლარირებული პოლიტიკა, რადგანაც ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს თავის ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, ვაპირებთ პატივი ვცეთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, რადგანაც ჩვენ ვიცავთ საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციებს და ორგანიზაციის პრინციპებისადმი ჩვენს პატივისცემას“.
ზურაბიშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს (გადაწყვეტილება) მარტივი არ იყო: „ეს მარტივი არაა. ამას მოსახლეობა მარტივად არ მიიღებს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგანაც ვიცავთ ვალდებულებებს ჩვენი პრინციპების, გზისა და ამ ორგანზიაციის მიმართ“.
კომენტარები