მსოფლიო
სახალხო დამცველი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
2020-01-15 16:49:56
საქართველოს სახალხო დამცველმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს:
2020 წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნული დოკუმენტი აერთიანებს ბრალდების საქმის მასალების 33 ტომის სრულად გაცნობის შედეგად სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ საკვანძო კითხვის ნიშნებს, რომელზე მსჯელობასაც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ ყურადღება უნდა დაუთმოს.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეყრდნობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) დანაშაულის შინაარსობრივ, სტრუქტურულ და მიზნობრივ ანალიზს. დოკუმენტში განხილულია თუ რატომ არის ფულის გათეთრება კონვენციური წარმომავლობის დანაშაული, რა სპეციალური წინაპირობები, სქემა და მიზანი ესაჭიროება ამ დანაშაულის ჩადენას და რატომ უნდა განიმარტოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული შესაბამისი ნორმა მისი ავტონომიური შინაარსის მიხედვით.
სამართლებრივი ანალიზის შემდგომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრება მიმოიხილავს უშუალოდ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმეს. დოკუმენტის თანახმად, საქმის მასალებში არ იკვეთება იმ ელემენტების არსებობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქმედება ჩაითვალოს ფულის გათეთრების დანაშაულად. კერძოდ:
პრედიკატული დანაშაულის ჩადენა
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პროცესის დაწყებამდე აუცილებელია არსებობდეს უკანონოდ მოპოვებული „შავი ფული“, რომლის ფულად-საკრედიტო სისტემაში ინტეგრაციას ცდილობს დამნაშავე. პრედიკატული დანაშაული, როგორც წესი, რეგულარულ, არაერთგზის დანაშაულს გულისხმობს. თუმცა, მოცემულ საქმეში არ იკვეთება არათუ მსგავსი განმეორებადი, არამედ თუნდაც ერთჯერადი წინასწარი, პრედიკატული დანაშაულის ჩადენა.
ფულის გათეთრების სქემა
ზოგადად, ფულის გათეთრების სქემა სამ ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა ბანკის როგორც წესი, სხვადასხვა ანგარიშებზე განთავსდება, შემდგომ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნული თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, ბოლოს კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება.
საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულებს მიღებული თანხა არ განუთავსებიათ სხვადასხვა ანგარიშებზე, არ დაუშლიათ მცირე ერთეულებად კონტროლისთვის თავის არიდების მიზნით, არ განუხორციელებიათ წვრილმანი გადარიცხვები და ამავდროულად, საქმიდან საერთოდ არ იკვეთება თანხის მათ ანგარიშზე უკან დაბრუნება, რაც დანაშაულის ჩადენის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს.
ამრიგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროცესის მიმდინარეობისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო უნდა დაეყრდნოს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას, რომელიც ზემოაღნიშნული ელემენტების არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სასამართლოს ასევე წარედგინა ფულის გათეთრების სხვა ეკონომიკური დანაშაულებისგან გამიჯვნისა და სისხლისსამართლებრივი ნორმის სწორი განმარტების მიდგომის შესახებ მსჯელობა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში.
კომენტარები