მსოფლიო
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებს მიმართავს
2019-12-24 10:26:38
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ მისიას მიმართავს.
განცხადებაში, რომელიც ექიმის ოჯახმა გაავრცელა, დიპლომატიურ მისიებს მადლობას უხდიან გაფრინდაშვილის დაკავებიდან დღემდე მათი მხარდაჭერისთვის, რომელიც პრობლემის გადასაჭრელად იყო მიმართული.
გაფრინდაშვილის ოჯახი წერილში ასევე წერს ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო ერთი წელი და ცხრა თვე პატიმრობა მიუსაჯეს.
„საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ მისიას,
უპირველეს ყოვლისა, გვინდა დიდი და გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ საოცარი მხარდაჭერისთვის, რაც 9 ნოემბრიდან, ვაჟა ექიმის დაპატიმრების დღიდან გამოხატეთ ამ პრობლემის გადასაჭრელად.
მიუხედავად, არაერთი მცდელობისა, 20 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოიტანეს გამაოგნებელი და ჩვენი ოჯახისთვის გამანადგურებელი განაჩენი – წელიწადი და ცხრა თვე ექიმმა ციხეში უნდა გაატაროს!
შესაბამისად, ეს განაჩენი შემაძრწუნებელია არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის, მომლოდინე პაციენტებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის მსოფლიოში, ვისთვისაც ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა!
ვიცით, რომ ამ განცდას ერთნაირად ვატარებთ და არ უნდა მოვდუნდეთ. ახლა მოქმედების დროა! გვინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ თავისუფალ გარემოში! გისურვოთ ის, რაც ახლა აკლია ვაჟა ექიმს – უკანონო პატიმარს, რომელიც შეიძლება ამ დღესასწაულებს ოჯახისგან მოწყვეტით, ცივ საკანში შეხვდეს!
იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, თქვენი ძალისხმევა ძველებურად დიდი და შედეგის მომტანი იქნება!“, – ნათქვამია ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიმართვაში.
20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები