პოლიტიკა
,,ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ არავინ შემხვედრია, არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან, რომ მხარს მიჭერენ პრინციპულად"
2019-12-23 13:17:09
როდესაც შენ მუდმივად ვიღაცას ეძახი ოკუპანტს, აგინებ, ლანძღავ, შეუძლებელი ხდება იმ გარემოს შექმნა, სადაც დალაპარაკება და მსჯელობა შესაძლებელი იქნება,- ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციაა, რომ საქართველომ რუსეთთან საერთო ენა გამონახოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, აზიანებს ქვეყანას.
“ამერიკელი და დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ რუსეთთან უნდა ილაპარაკოთ და გამონახოთ საერთო ენა. არ გააკეთოთ არაფერი ისეთი, არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რაც დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას, ეს არის აქსიომა. ნებისმიერი ქმედება, ნებსით თუ უნებლიედ, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, აზიანებს ქვეყანას. მე მგონი, ამაზე ვერც ერთი მხარე ვერ შემომედავება.
როდესაც შენ მუდმივად ვიღაცას ეძახი ოკუპანტს, აგინებ, ლანძღავ, შეუძლებელი ხდება იმ გარემოს შექმნა, სადაც დალაპარაკება და მსჯელობა შესაძლებელი იქნება.
როდესაც შენი ქმედება იწვევს დაძაბულობას და ვიღაცა ამას, თუნდაც ოჯახი, იყენებს იმისთვის, რომ შეუტიოს მთავრობას, მე ვამბობ, რომ ეს არ არის სწორი და სამართლიანი. ამას ვამბობ, უბრალოდ, ეს ვთქვი ძალიან უხეშად.
მუდმივად იმ რეჟიმში ვიყოთ, ვაფურთხოთ იმ ძალას, რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია? და ჩვენი დასავლელი პარტნიორები რომ არა, დიდი ხანია სულ სხვანაირად იქნებოდა სიტუაცია და სად ვიქნებოდით არ ვიცით?”, - განაცხადა კუხიანიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს თუ არა საკუთარ განცხადებებს იმ შედეგის შემდეგ, რაც მას მოჰყვა, კუხიანიძემ განაცხადა, რომ “შეცდომა იყო თუ არა, ამას განსჯის დრო”.
რაც შეეხება იმას, ხომ არ აპირებს საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას, კუხიანიძემ შემდეგნაირად უპასუხა: “არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ მანდატს, იმიტომ, რომ ეს მომცემს საშუალებას ვებრძოლო ამ საშინელ ძალას”.
“ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ ჩემთან კომუნიკაცია არ ყოფილა. პირდაპირ გამოცხადდა ისე, რომ არცერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი არ შემხვედრია. არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან, რომ მხარს მიჭერენ პრინციპულად, ჩემ მხარეს არიან, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის”, - განაცხადა კუხიანიძემ.
კომენტარები