მსოფლიო
დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინეს
2019-12-20 18:15:16
თბილისის საკრებულომ, კენჭისყრის შედეგად, დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინა.
მიზეზად, კუხიანიძის ის განცხადება სახელდება, რომელიც მან, ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.
ამასთან, კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა ოფიციალურად დაატოვებინა.
„გუშინწინ ღამით, შეიკრიბა ფრაქციის სხდომა, მიიღეს გადაწყვეტილება ერეკლე კუხიანიძის ფრაქციიდან გაწვევის და თანამდებობიდან გადაყენების. დღეს ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე აღსრულდა. რაც შეეხება მანდატის დატოვებას, ამის კანონისმიერი ბერკეტები ამ საკრებულოში არავის არ აქვს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილების საკითხი. როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. ეს მისი მორალური გადაწყვეტილების საკითხია. ოპოზიცია ხშირად საუბრობს ბევრ საკითხზე, სამართლებრივ გზას თუ იპოვიან, აგერ არის ბურთი, აგერ არის მოედანი, აგერ არის ერეკლე, აგერ არიან თვითონ და შეუძლიათ, ეს სამართლებრივი პროცესი წამოიწყონ“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა.
კუხიანიძე სხდომაზე ქალიშვილთან, მარიამ კუხიანიძესთან ერთად მივიდა და დარბაზი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მალევე დატოვა. ამის შემდეგ კი მედიასთან განაცხადა, რომ მანდატის დატოვებას არ აპირებს, რაც შეეხება საკრებულოს გადაწყვეტილებას, მისი თქმით, ეს ძალიან მძიმეა.
„ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, მეგობრები უნდა დავიცვათ ზოგადად, მაგრამ მათ არ განვსჯი. ეს არის პოლიტიკური პროცესი. ჩემი მეგობრები, ყოფილი თანაგუნდელები როგორც მოიქცნენ, ისე მოიქცნენ. მანდატს არ დავტოვებ, რადგან ვარ ხალხის მიერ არჩეული, მაქვს ჩემი საქმე, ბევრი რაღაც არის ჯერ კიდევ გასაკეთებელი. ამიტომ, მჭირდება ტრიბუნა, მჭირდება ისეთი გარემო, რომ საქმე ვაკეთო“, – განაცხადა კუხიანიძემ.
ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.
კომენტარები