საზოგადოება
თბილისის ცალკეულ უბნებში 14 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
2019-12-13 17:27:23
14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 13 დეკემბრის 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალება თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ.
კერძოდ: ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით;
დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება აიკრძალება ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ;
ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით;
მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ნაკადი მობრუნდება ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას გააგრძელებს როგორც რესპუბლიკის მოედნის, ასევე, ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით. თუმცა, ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით;
ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე – შოთა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტომანქანებს მოძრაობა თავისუფლად შეეძლებათ.
სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ.
კომენტარები