პოლიტიკა
,,რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო"
2019-12-13 15:05:14
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა.
კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. სექტემბრის თვიდან კი ინფლაციის ზრდა დაჩქარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით და გაუფასურებულ ნიშნულზე დიდხანს შენარჩუნებამ გამოწვია.
„როგორც მოგეხსენებათ, ივლისში რუსეთის მიერ ავიაფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამ და სხვა შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა. შესაბამისად, სავალუტო შემოდინებების ფაქტობრივ შემცირებამდეც, ბაზარზე შემცირდა უცხოური ვალუტის მიწოდება, ხოლო მოთხოვნა გაიზარდა, რამაც კურსის მყისიერი გაუფასურება გამოიწვია - უფრო ადრე, ვიდრე ტურისტული შემოსავლები ფაქტობრივად დაიწყებდა შემცირებას. ამას დაემატა პოლიტიკური დაძაბულობა, რამაც კურსის დამატებით გაუფასურებას შეუწყო ხელი,“-აღნიშნა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, არსებული საბაზო პროგნოზით, წლიური ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება.
კომენტარები