2 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"რას ემსახურება პრეზიდენტის ბულინგი?... ყველა სიტყვა, რომ არაფერი ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ „ლობიოს ჭამაზე”, ხდება საქილიკო" - ზურაბიშვილი

ვის აწყობს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების ან კიდევ მასსა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა? - ასეთ კითხვას სვამს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება? იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (არაფერი, რომ ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ „ლობიოს ჭამაზე“) ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით.

რაზედაც შემდეგ ითხოვენ პრეზიდენტისგან განმარტებას და ასევე სთხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარის გაკეთებას არასწორედ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რათა შეიქმნას განცდა დაშორების თუ დაპირისპირების.

ამითი უნდათ გააჩინონ საზოგადოებაში გაუგებრობა და უნდობლობა.

ვის აწყობს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების ან კიდევ მასსა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა?

მცდელობაა ასევე, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა მითუმეტეს, რომელიც ეხება ეროვნული ფასეულობების დაცვა-გაძლიერებას, იყოს იგნორირებული, დაკნინებული, დამახინჯებული, და გადაფარული ახალი “სკანდალით”.

გუშინდელი მეტად მნიშვნელოვანი წამოწყება მოიცავდა ყველა იმ უწყებების/ინსტიტუტების შეკრებას, რომლებიც საქართველოს და კავკასიის შესწავლას ემსახურებიან, სწორედ ამ ღონისძიებაზე დაარსდა მათი ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი და ეს ნამდვილად არის ეროვნული საქმე.

ასეთი წამოწყების მიზანია, რომ ჩვენს მეცნიერებას და კულტურას კიდევ უფრო მეტად „გავუშალოთ ფრთები“ (რაზედაც ალბათ ვიღაც დაწერს, რომ ავიაციას ვებრძვი) რათა მსოფლიოში ჩვენ თვითონ გავიტანოთ სწორი და სრული ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მიღწევების შესახებ. დღეს ჩვენ თუ კი გვესმის დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევები და რბილი ძალების შეტაკება, უნდა გვესმოდეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის გაძლიერება, რაც თავისთავად ჩვენი სტრატეგიული მიზანიც უნდა იყოს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა. „ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები