პოლიტიკა
გიორგი რურუა: "ერთადერთი, რაც მაწუხებს და მინდა იცოდეთ, არის ის, რომ იარაღი რასაც მედავებიან, თვალითაც არ მინახავს, მხოლოდ ფოტოზე ვნახე წარდგენილ განჩინებაში"
2019-12-10 17:15:41
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, სადაც წერს:
„ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო თანამოქალაქეებო! მოგესალმებით გლდანის ციხიდან პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.
ეს პოსტი არ მინდა შეეხოს ჩემს უკანონოდ დაკავებას. „გავრილოვის პატიმრების“ და ჩვენი ტვირთი არის ჩვეულებრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე, რასაც თითოეული თქვენგანიც გააკეთებდა.
მივმართავ უუნარო მთავრობას, უფრო ყურადღებით მოეკიდოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს. ყველაფერი იღონოს, რომ დაიხსნას ტყვეობიდან სამაგალითო მოქალაქე!
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი. ერთადერთი, რაც მაწუხებს და მინდა იცოდეთ, არის ის, რომ იარაღი რასაც მედავებიან, თვალითაც არ მინახავს, მხოლოდ ფოტოზე ვნახე წარდგენილ განჩინებაში.
გამძაფრებული ყურადღებით ვაკვირდები მოვლენებს, ყველაფერი ლოგიკურად და კარგად მიდის, მთავარია უიმედობამ არ გვაჯობოს! დღევანდელი კრიზისი არის მთლიანად, ხელისუფლებაში დარჩენის მოტივით განპირობებული.
განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს! ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ თავგანწირული მოქალაქეების ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, გაფრინდაშვილის და სხვების მაგალითებით“, - წერს რურუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
კომენტარები