პოლიტიკა
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება
2019-12-09 10:41:09
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ საჭიროებს და რომ ის ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზაა. მმართველ გუნდში კი პოზიციას არ იცვლიან და მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს მაინც ე.წ. გერმანულ მოდელს სთავაზობს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
30 ოპოზიციური ძალის ავტორობით შექმნილი კანონპროექტი გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, თუმცა შეიცვლება მანდატების განაწილების წესი.
კერძოდ, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, არჩევნებში მონაწილე იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა 3%-იანი საარჩევნო ზღურბლი, განისაზღვრება 150-ის (პარლამენტის წევრთა სრული რაოდენობის) იმდენი პროცენტით, ხმათა რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა პროპორციული საარჩევნო სისტემით. შესაბამისად, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა პარტიული სიიდან შეივსება ზემოაღნიშნული კუთვნილი მანდატების რაოდენობამდე, ხოლო თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა ტოლია ან აღემატება მისი კუთვნილი მანდატების რაოდენობას, პარტიული სიიდან მას არც ერთი მანდატი აღარ მიეკუთვნება.
კანონპროექტში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართულ არჩევნებში შენარჩუნებულია ე.წ. „დამოუკიდებელი“ კანდიდატების მონაწილეობის შესაძლებლობა.
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, 2 ექვსმანდატიანი, 3 შვიდმანდატიანი და 5 რვამანდატიანი.
ამომრჩეველი თავის პირველ ხმას აძლევს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმას – ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს. ერთი მრავალმანდატიანი ოლქიდან აირჩევა პარლამენტის იმდენი წევრი, რამდენმანდატიანიც არის ეს ოლქი, და არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ.
პროპორციული საარჩევნო სისტემით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის წევრთა 77 მანდატი პროპორციულად გაუნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც პროპორციულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 3 პროცენტი მაინც მიიღეს.
წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია მაჟორიტარული წესით მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრებისა და მისი პარტიული სიისათვის მიკუთვნებული მანდატების რაოდენობათა ჯამისა.
იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღურბლი, გამოითვლება ფორმულით: Mp = Np x (150-K):N რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Np არის ამ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, K – მაჟორიტარული სისტემით საინიციატივო ჯგუფებისა და იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, ხოლო N – იმ სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების ჯამი, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი. გათვალისწინებულია ზემოთ მოყვანილი ფორმულის კორექტირება ისეთი თეორიული შემთხვევისთვის, როგორიცაა ერთი პარტიის მიერ იმდენივე ან უფრო მეტი მაჟორიტარული მანდატის მოპოვება, ვიდრე მას ეკუთვნის.
კანონპროექტის ავტორები არიან: ვახტანგ ხმალაძე, დავით ბერძენიშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, სერგი კაპანაძე, დავით უსუფაშვილი,ზურაბ ჯაფარიძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მანანა ნაჭყებია, ნიკოლოზ ჯოგლიძე, კონსტანტინე კემულარია, ნატო ჩხეიძე, პაატა დავითაია, მურმან დუმბაძე, ნინო ბურჯანაძე, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, კახა კუკავა, კონსტანტინე გამსახურდია, თაკო ჩარკვიანი, ნიკა მაჭუტაძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა გამყრელიძე,ეკა ბესელია, ალექსანდრე ამზაშვილი, ალეკო ელისაშვილი, შალვა ნათელაშვილი, მანანა ჯებაშვილი, გია ბერძენაძე, გრიგოლ ჯოჯუა, შოთა მალაშხია.
კომენტარები