პოლიტიკა
თბილისის ვიცე-მერი:"ერთადერთი პირობა, რომელსაც არ დავთანხმდები, არის ტარიფის ზრდა"
2019-12-06 11:58:22
მოლაპარაკებები მიმყავს და ერთადერთი პირობა, რომელსაც არ დავთანხმდები, არის ტარიფის ზრდა- განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.
ხმალაძის განმარტებით, როდესაც მერია მოსახლეობას მოუწოდებს რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ, ამ დროს ტარიფების გაზრდა მერიის მიზნებთან და პრინციპებთან შეუსაბამობაში მოდის.
"ჩვეულებრივ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციაში, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ გაიზარდოს ტარიფი, მაგრამ ქალაქში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან და ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვატარებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის წამახალისებელ პოლიტიკას - მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ნაკლებად საკუთარი მანქანებით, ჩვენი პოლიტიკის მიზნებთან და პრინციპებთან შეუსაბამობაშია ტარიფის ზრდა.
მოლაპარაკებები მიმყავს და ერთადერთი პირობა, რომელსაც არ დავთანხმდები, არის ტარიფის ზრდა, განვიხილავ და შევთავაზებ ყველანაირ ვერსიას, მაქვს გარკვეული ვერსიები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს პარკის განახლება, ისე რომ არ შევეხოთ ტარიფს
ტარიფის გაზრდა პირველ რიგში მიუღებელია იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის იქნება ეს მტკივნეული, მეორეს მხრივ, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს პოლიტიკის მიზნებს, ერთი კვირა კიდევ მაქვს დარჩენილი და მჯერა, ამ ერთ კვირაში, მთავრობის სხდომაზე გაჟღერდება კონკრეტული ვერსია, კომპანიასთან შეთანხმებით, თუ როგორ მოხდება მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლება" - აცხადებს ხმალაძე.
კომენტარები