საზოგადოება
ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით - ზუგდიდის მიტროპოლიტი დაკავებულ ბერზე
2019-12-06 11:57:54
ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, – აცხადებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერის, გიგა ქავთარაძის საქმესთან დაკავშირებით. რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა მისი და სხვა სასულიერო პირების განცხადებები, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ექვემდებარებოდა.
მიტროპოლიტმა გერასიმემ საპატრიარქოს ტელევიზიას სატელეფონო კომენტარი მისცა, სადაც ამბობს:
ერთი წლისდან მას შემდეგ, რაც ათონის მთაზე აღკვეცა იქაური მონასტრის წარდგინებით, ქავთარაძე საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ცოტა ხნით, კვლავ ათონის მონასტერში დაბრუნდა, კიდევ ერთი წელი იყო იქ, შემდეგ კი ისევ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა:
„ჩვენთან არ მოსულა, არც მონასტერში იყო, არც საძმოში იყო და ზუგდიდში ცხოვრობდა საკუთარ სახლში. ჩემთვის პრესიდან გახდა ცნობილი, რომ ასეთი რამ მოხდა. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ადამიანის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. ბევრი კითხვა ისმის, ვის იურისდიქციაში იყო, ვის ეპარქიაში იყო და ა.შ“..
ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, რადგან, კიდევ ვიმეორებ, იგი ჩემი აღკვეცილია, ჩემი სულიერი შვილი არის დღესაც, მაგრამ ეს იყო ძალიან მძიმე ტრავმა პირადად ჩემთვის, ეკლესიისთვის და ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები როდესაც ხდება, აუცილებლად უნდა იყოს რეაგირებაც. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ რა ხარისხში ვიმყოფებით, ვინ ვართ და რა წოდების ვართ, კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები. ძალიან რთულია და ამ თემაზე მიჭირს საუბარი. დაველოდოთ მოვლენებს და გამოძიებას“. - განაცხადა მიტროპოლიტმა გერასიმემ.
კომენტარები