პოლიტიკა
,,სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და ორივე მიმართულებით აღკვეთოს აქტივობები, რომლებმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს"
2019-12-03 10:37:49
აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის წინასწარ პრევენცია მოხდეს.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის პრევენცია მოხდეს წინასწარ. ჩემი პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, გუშინ რაც ვნახეთ, უკვე რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის, თუ რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომლებმაც შეიძლება, ძალადობა გამოიწვიოს. პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და წინასწარვე უნდა მოხდეს პრევენცია იმ აქტივობის, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს ძალადობა და დაპირისპირება. ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდაცია იქნება, რომ მომავალში იმ ჯგუფების მიმართ, ვინც პროვოცირებას აკეთებენ ამ ტიპის ძალადობისა და ესკალაციის, გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს ასეთი სარისკო მოქმედებები“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაუბრუნდნენ პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმებს.
„გააგრძელონ პროტესტი რამდენ ხანსაც სურთ, ჩვენ, პოლიტიკოსები ვაგრძელებთ კონსულტაციებს, დიალოგს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია ძალიან მალე დამშვიდდება“ ,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
კომენტარები