საზოგადოება
კახეთში, ხანძრის დროს 12 წლის ბიჭი ცოცხლად დაიწვა
2019-11-26 23:52:15
კახეთში, გრემში, ხანძარს 12 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა. ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა, დეიდა და მცირეწლოვანი და საავადმყოფოში სხეულის დამწვრობით არიან მოთავსებულები.
ორსართულიან სახლში, ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში, მეხანძრე-მაშველებმა 12 წლის ბიჭის ცხედარს მიაკვლიეს.
ადგილობრივები "კურიერთან" დეტალებს იხსენებენ და ყვებიან, რომ სავარაუდოდ, ოჯახის წევრებმა ღუმელში შემთხვევით ბენზინი შეასხეს, რამაც აალება და ცეცხლის სწრაფად გავრცელება გამოიწვია. მათივე თქმით, დედამ მხოლოდ 6 წლის გოგონას გამოყვანა შეძლო.
მომხდარის დეტალებზე კახეთში მერის წარმომადგენელი და გუბერნატორის მოადგილეც საუბრობენ. ირაკლი შიოშვილის განმარტებით, გამოძიების მიმდინარეობისას ოჯახს კანონის შესაბამისად დაეხმარებიან.
უბედური შემთხვევა სოფელ გრემში დილის საათებში მოხდა. ხანძრის დროს ადგილზე სულ 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები