პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი - 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება
2019-11-13 17:14:37
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.
პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე. პროგრამის მეშვეობით ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მიეცათ ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დატოვონ სისტემა, ამავე დროს, გამოთავისუფლდა საათები სერტიფიცირებული პედაგოგებისათვის და მნიშვნელოვნად გაიზარდა მოტივაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის.
„მიმდინარე წლის ოქტომბერში 150 ლარით გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები. 2020 წელს ასევე, 150 ლარიანი ზრდაა გათვალისწინებული სტატუსიანი მასწავლებლებისთვის. 100 ლარით გაიზრდება შრომის ანაზღაურება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულებისთვისაც. ჯამურად, 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება, რაზეც დამატებით 140 მლნ ლარამდე დაიხარჯება“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
კომენტარები