მსოფლიო
ხელვაჩაურის მერიამ 12 000 ლარის თხილის ნაჭუჭის ტრანსპორტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა
2019-11-07 17:24:34
ხელვაჩაურის მერიამ თხილის ნაჭუჭის ტრანსპორტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად მიმწოდებელმა არანაკლებ 15-22 ტონა თხილის ნაჭუჭი ზუგდიდი/სენაკიდან ხელვაჩაურში უნდა ჩამოიტანოს და ადმინისტრაციულ ერთეულებში არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაარიგოს.
კომპანია, რომელიც თხილის ნაჭუჭის ტრანსპორტირებას განახორციელებს ხელვაჩაურის მერია მზადაა მას 12 000 ლარი გადაუხადოს.
აღნიშნული ტენდერი მუნიციპალიტეტმა უკვე მეორედ გამოაცხადა, რადგან სექტემბერში შესყიდვა არ შედგა.
მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ შესყიდვა მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაიგეგმა. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივები ან შეშით უზრუნველყოფას, ან ნაჭუჭის ჩამოტანაში დახმარებას ითხოვდნენ.
"კირნათის, აჭარისწყლისა და მაჭახლის ხეობაში მოსახლოებას თხილის ნაჭუჭის ღუმელები აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ტრანსპორტირება ძვირი უჯდებათ მოსახლოება ნაჭუჭუს ვეღარ ყიდულობდა. ისინი ან შეშით უზრუნველჰყოფას, ან ნაჭუჭის ჩამოტანაში დახმარებას ითხოვდნენ. შეშის მოჭრა რომ შეგვემცირებინა ვარჩიეთ ტრანსპორტირება დაგვეფინანსებინა და პროგრამა შევიმუშავეთ. ჩვენ თავზე ავიღეთ ტრანსპორტირება, მოსახლეობა კი, აქ ჩამოტანილ ნაჭუჭს საბაზრო ფასად შეიძენს"- ამბობენ ხელვაჩაურის მერიაში.
ხელვაჩაურის მერიამ, შარშან დაახლოებით 70 ცალი თხილის ნაჭუჭზე მომუშავე ენერგოეფექტური ღუმელი შეიძინა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცა.
მუნიციპალიტეტი "თხილის ნაჭუჭის ტრანსპორტირების მომსახურების ხელშეწყობის" მიზნობრივ პროგრამას წელს პირველად ახორციელებს.
კომენტარები